ფაკულტეტის საბჭო არის უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის – ფაკულტეტის/სკოლის ფარგლებში შემავალი ყველა საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების აკადემიური პერსონალის წარმომადგენლობითი ორგანო;
ფაკულტეტის საბჭო უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების/პროგრამული მიმართულებების ფარგლებში აკადემიური მუშაობის კოორდინირებას, ფაკულტეტის აკადემიური კორპუსის შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარებას და ხელს უწყობს ფაკულტეტის დეკანს საგანმანათლებლო ერთეულს მიკუთვნებული ფუნქციების განხორციელებაში;
ფაკულტეტის საბჭოს ფუნქციები:
- უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭო:
- მონაწილეობს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებების, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების, და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წლიური ანგარიშის განხილვაში;
- წარუდგენს უნივერსიტეტს წინადადებებს აკადემიური კორპუსის განვითარებასთან დაკავშირებით, წინადადებებს აკადემიური კონკურსის ჩატარებისა და აკადემიური პერსონალის სამუშაო აღწერილობის ცვლილების თაობაზე;
- მონაწილეობს უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში, სამიზნე ნიშნულების დადგენასა და ისმენს სტრატეგიული გეგმის შესრულების ანგარიშებს;
- მონაწილეობს ფაკულტეტის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში და ისმენს გეგმის შესრულების ანგარიშს;
- ისმენს პროგრამის განვითარების გეგმას და წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს აკადემიურ საბჭოს;
- როგორც ფაკულტეტის დეკანის სათათბირო ორგანო შეიმუშავებს წინადადებებს ფაკულტეტის უფლებამოსილებას განკუთვლი სხვა საკითხების შესახებ.
ფაკულტეტის საბჭოს ფორმირების წესი
- ფაკულტეტის საბჭოში აირჩევა ფაკულტეტის შემადგენლობაში შემავალი თითოეული პროგრამული მიმართულებიდან თითო აფილირებული აკადემიური პერსონალი;
- ფაკულტეტის საბჭოს წევრს ირჩევს თითოეული ფაკულტეტის შესაბამისი პროგრამული მიმართულების აკადემიური პერსონალი, ფარული კენჭისყრით;
- არჩევნების თარიღსა და პროცედურას ადგენს აკადემიური საბჭო;
- კანდიდატურის წამოყენება შეუძლია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს აფილირებულ აკადემიურ პერსონალს;
- ფაკულტეტის საბჭოს წევრების არჩევნების გამართულად განხორციელების მიზნით, უნივერსიტეტის რექტორი ბრძანებით ქმნის საარჩევნო კომისიას;
- ფაკულტეტის საბჭოს წევრი აირჩევა 2 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს უნივერსიტეტთან აფილირებულ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადისა;
- ფაკულტეტის საბჭოს წევრის აკადემიური თანამდებობებიდან განთავისუფლება/აფილირების შეწყვეტა არის მისთვის ფაკულტეტის საბჭოს წევრობის შეწყვეტის საფუძველი;
- აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრი აირჩევა არაუგვიანეს 3 თვისა შესაბამისი მიმართულების აფილირებული აკადემიური პერსონალიდან;
- ფაკულტეტის საბჭოს წევრების არჩევნების შედეგები და ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება რექტორის ბრძანებით.
ფაკულტეტის საბჭოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა:
ფაკულტეტის საბჭოს წევრს ამავდროულად არ შეიძლება ეკავოს აკადემიური საბჭოს წევრის თანამდებობა;
ფაკულტეტის საბჭოს სხდომის გამართვის წესი
- ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარეობს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი;
- თუ ფაკულტეტის დეკანი ვერ ასრულებს საკუთარ უფლებამოსილებას, აღნიშნულ პერიოდში ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურა განისაზღვრება რექტორის აქტით;
- ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე დასწრება შეუძლიათ აფილირებულ აკადემიურ პერსონალს, პროგრამების ხელმძღვანელებს, უნივერსიტეტის რექტორსა და ვიცე-რექტორს, აკადემიური საბჭოს წევრებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და ფაკულტეტის ფარგლებში არსებული სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს;
- ფაკულტეტის საბჭოს სხდომები მოიწვევა არანაკლებ თვეში ერთხელ. აუცილებელია თითო სხდომის ჩატარება გეგმიური სასწავლო სემესტრის დაწყებამდე და დასრულებისას;
- რიგგარეშე სხდომა მოიწვევა ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარის, პროგრამის ხელმძღვანელის ან რექტორის გადაწყვეტილებით.
- საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა შემადგენლობის ნახევარზე მეტი;
- ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა;
- გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით და ფაკულტეტის საბჭოს მდივნის მიერ ფორმდება ოქმის სახით;
- ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი;
- ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ეცნობება აკადემიურ საბჭოს და უნივერსიტეტს.