English
EN GE

შეფასების სისტემა

სტუდენტის გაწეული შრომის შეფასება გარკვეული შეფარდებით ითვალისწინებს:

  •  შუალედურ შეფასებებს;
  •  დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

დასკვნით გამოცდაზე გასვლა სასწავლო უნივერსიტეტში სავალდებულოა.

შეფასების კრიტერიუმები, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, გაწერილია სასწავლო კურსების სილაბუსებში.

კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით დაგეგმილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება ამ სასწავლო კომპონენტში ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღებით.

ყველა სასწავლო კურსის/ კომპონენტის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა. დადებით შეფასებად ითვლება 51 და მეტი ქულის მოპოვება.

დადებითი შეფასებები

  • (A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
  • (B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;
  • (C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%;
  • (D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;
  • (E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;

უარყოფითი შეფასებები

(FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არა ნაკლებ 10 დღისა.
(F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სტუდენტის ცოდნის შეფასების კომპონენტები

ჯამური  შეფასება მაქსიმუმ 100 ქულა
ყოველკვირეული აქტივობა პროექტი - პრეზენტაცია შუალედური გამოცდა დასკვნითი გამოცდა
3*14=42 ქულა 5+5 = 10 ქულა 18 ქულა 30 ქულა

კომპეტენციის ზღვარი

სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსის შედეგები მიღწეულად ჩაითვლება შეფასების ორივე კომპონენტში - შუალედურ და დასკვნით შეფასებებში კომპეტენციის ზღვარის დაძლევის შემთხვევაში.

დასკვნით გამოცდაზე სტუდენტის დაშვების წინაპირობაა შუალედური შეფასებებით კომპეტენციის ზღვარის დაძლევა (შუალედური შეფასების 30 %-ს - არანაკლებ 21 ქულის დაგროვება)

დასკვნით გამოცდაზე კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 30%-ს - არანაკლებ 9 ქულას

გამოცდების ჩატარების წესები

სეუ-ში გამოცდა მიმდინარეობს ზეპირი, წერითი ან/და ელექტრონული სახით, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე.

გამოცდა ტარდება კურსის ხელმძღვანელი ლექტორის მონაწილეობის გარეშე. გამოცდების ჩატარებასა და წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ მეთვალყურეები.

ელექტრონული გამოცდა

ელექტრონული სახით, გამოცდა მიმდინარეობს სპეციალურად გამოყოფილ ოთახში კომპიუტერის საშუალებით, სადაც მოცემულია შესაბამისი საგნის ტესტები, რომელსაც უნდა უპასუხოს სტუდენტმა.

ელექტრონული სახით, გამოცდის მიმდინარეობისას თითო კომპიუტერთან უნდა იჯდეს მხოლოდ ერთი სტუდენტი.

ელექტრონული გამოცდის შედეგები სტუდენტს უფიქსირდება ტესტის დამთავრებისთანავე

წერითი გამოცდა

წერითი გამოცდა ტარდება ამისთვის გამოყოფილ საგამოცდო აუდიტორიაში ან საგამოცდო ცენტრში. ინფორმაცია საგამოცდო აუდიტორიის შესახებ სტუდენტს მიეწოდება ელექტრონულად, თავისი სასწავლო პროგრამაში არსებული ცხრილის მეშვეობით

წერითი სახის გამოცდის ჩატარებისას თითო მაგიდასთან უნდა იჯდეს მხოლოდ ერთი სტუდენტი.

სტუდენტებს მიეცემათ ინსტრუქტაჟი საგამოცდო წესების შესახებ.

საგამოცდო დრო აითვლება მას შემდეგ, რაც სტუდენტებს მიეცემათ ინსტრუქტაჟი საგამოცდო წესების შესახებ.

წერითი გამოცდის შედეგები სტუდენტებს ეცნობება 2 სამუშაო დღის შემდეგ;

სტუდენტის ვალდებულებები გამოცდაზე

გამოცდაზე სტუდენტი ვალდებულია:

  • გამოცხადდეს დანიშნულ დროს;
  • დაიცვას სიჩუმე და წესრიგი;
  • გამოცდაზე იმოქმედოს გამოცხადებული ინსტრუქტაჟის მიხედვით;
  • საგამოცდო დავალების შესრულების შემდეგ უხმაუროდ დატოვოს აუდიტორია;

გამოცდის მსვლელობისას სტუდენტს ეკრძალება:

  • აუდიტორიიდან გასვლა;
  • მობილური ტელეფონის გამოყენება;
  • დამხმარე ჩანაწერის გამოყენება;
  • გადალაპარაკება;
  • ინფორმაციის გაცვლა;

გამოცდის მსვლელობისას ქცევის წესების დარღვევისათვის სტუდენტი მოიხსნება გამოცდიდან.

გამოცდის შედეგების გასაჩივრება

სტუდენტი, რომელიც არ ეთანხმება გამოცდაზე მიღებულ შეფასებას, უფლებამოსილია, შედეგის ოფიციალური გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, დასაბუთებული საჩივრით მიმართოს დეკანატს და მოითხოვოს შედეგების გადასინჯვა;
საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს დეკანატის წარდგინების საფუძველზე შექმნილი დარგობრივი კომისია.