English
EN GE

იურისტთა კლუბი 

დიპლომატთა კლუბი

 

სტუდენტური კლუბი

სტუდენტური ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უნივერსიტეტის სოციალური, კულტურული და ინტელექტუალური გარემოს შექმნაში. მსგავსი გაერთიანებები, იქნება ეს კულტურის, სპორტის თუ ადვოკატირების მიმართულებით, შესაძლებლობას აძლევთ სტუდენტებს ჩაერთონ საქმიანობებში, რომლებიც ხელს უწყობენ პიროვნულ ზრდას, ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარებას და სტუდენტთა საზოგადოების ჩამოყალიბებას. სტუდენტური კლუბები აერთიანებენ სტუდენტებს საერთო ინტერესების ირგვლივ. ეს სოციალურ, გასართობ თუ პროფესიულ ინტერესებზე დაფუძნებული ორგანიზაციები ატარებენ სოციალურ ივენთებს, სემინარებს, პანელებსა და კონფერენციებს, კონცერტებს, სპორტულ შეჯიბრებს, საქველმოქმედო თუ სხვა სტუდენტურ ღონისძიებებს. ამგვარად, სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, შექმნან აქტივობები და განახორციელონ იდეები, უნივერსიტეტი კი ხელს უწყობს და მხარს უჭერს მათი ინტერესების გატარებას.

სტუდენტური კლუბის რეგისტრაცია/გაუქმება
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს კლუბის (შემდეგში - კლუბი) რეგისტრაციას ან რეგისტრირებული კლუბის გაუქმებას ახდენს დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი. (შემდეგში - დეპარტამენტი).
კლუბის რეგისტრაცია ხორციელდება „www.seu.edu.ge“-დან ონლაინ-სარეგისტრაციო ფორმის შევსებით. განმცხადებელი კლუბის რეგისტრაციისას წარადგენს კლუბის დებულებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
1. კლუბის სახელწოდებას, რომელიც უნდა მოიცავდეს სიტყვებს „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს /შესაბამისი მიმართულების/ კლუბი’’ ან „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს კლუბი/სახელწოდება/“. სახელწოდება არ უნდა ემთხვეოდეს უკვე რეგისტრირებული კლუბის სახელს;
2. ინფორმაციას დამფუძნებლების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი). დამფუძნებლების რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები. კლუბის დამფუძნებელი/ წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ აქტიური სტატუსის სტუდენტი. კლუბის მართვას ახორციელებენ დამფუძნებლები კლუბის დებულებით დადგენილი წესით;
3. დამფუძნებლების მიერ კლუბის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენის ვადებია ყოველი თვის 25-1 რიცხვები. სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში სამსახური იღებს გადაწყვეტილებას კლუბის რეგისტრაციის შესახებ ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შეთხვევაში მოტივირებული შენიშვნებით უკან უბრუნებს დამფუძნებლებს განაცხადს.

რეგისტრირებული კლუბის უპირატესობები:

  • დაფინანსებაზე განაცხადის უფლება;
  • უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე სტუდენტური ცხოვრების აქტივობების ჩამონათვალში კლუბზე ინფორმაციის განთავსების შესაძლებლობა; აქვე იქნება მოცემული კლუბის საკონტაქტო ინფორმაცია (@seu.edu.ge ელ-ფოსტა თითოეულ კლუბს); 
  • უნივერსიტეტის სახელით წარდგენის უფლება;
  • ღონისძიებების ჩატარებისა და დაფინანსების წყაროების მოძიების უფლება;
  • ორგანიზაციის აქტივობების რეკლამირება, ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა;
  • კამპუსის სივრცის გამოყენება;
  • უნივერსიტეტის ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენების შესაძლებლობა.


სავალდებულო მოთხოვნები რეგისტრირებული კლუბებისათვის:

  • დეპარტამენტთან კოორდინაცია დაგეგმილ ღონისძიებებთან და კლუბის პროგრამასთან დაკავშირებით;
  • დეპარტამენტისთვის კლუბის განახლების, ახალი წევრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ყოველ სემესტრში.
  • სემესტრში სულ მცირე ორი შეხვედრის ან/და ღონისძიების ორგანიზება; თუ კლუბი ატარებს სემესტრში მხოლოდ ერთ ღონისძიებას, მას შესაძლოა დროებით შეუჩერდეს დაფინანსების მოთხოვნის უფლება. თუკი კლუბი სემესტრის განმავლობაში არ ატარებს ღონისძიებას, დგება კლუბის გაუქმების ან მმართველი რგოლის შეცვლის საკითხი.
  • უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართვა, შეთავაზების შემთხვევაში.
  • კლუბის დამფუძნებელი არ შეიძლება იყოს სხვა კლუბის დამფუძნებელი.

-

მუხლი 5. საგრანტო კონკურსი
დეპარტამენტი კლუბების მიერ წარდგენილ დასაფინანსებელ პროექტებს განიხილავს თვეში ორჯერ, ყოველი თვის 1-5 რიცხვებში - პირველ რიცხვამდე წარმოდგენილ პროექტებს და ყოველი თვის 15-20 რიცხვებში - 15 რიცხვამდე წარმოდგენილ პროექტებს.
პროექტის წარდგენა შეუძლია მხოლოდ კლუბს www.seu.edu- მეშვეობით, დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფორმით. საგრანტო განაცხადის ფორმა
განაცხადის წარდგენის შემდეგ პროექტის განხილვამდე დეპარტამენტი ამოწმებს პროექტის შესაბამისობას ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებთან.
პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: მინიმუმ 3 კაციანი საორგანიზაციო ჯგუფი; გამოცდილება ანალოგიურ პროექტებში (სასურველი); სტუდენტების ჩართულობა (მინიმუმ 17 სტუდენტი) (სავალდებულო); ლოგიკური კავშირი მოთხოვნილ ბიუჯეტსა და აქტივობის მასშტაბურობას შორის; აქტივობის აქტუალობა, დროულობა, რელევანტურობა, სარგებელი; გაგრძელების შესაძლებლობა; რესურსების ეფექტური გამოყენება (მატერიალური და ტექნიკური); უსაფრთხოების გარანტიები; რისკები პროექტის განხორციელების დროს; კლუბის წარსული აქტივობების ხარისხი და ინტენსიურობა (სავალდებულო).


პროექტების შეფასებისას პრიორიტეტებია:

  • ინიციატორი კლუბის დამფუძნებელი სტუდენტების, კლუბის წევრების და პროექტების ბენეფიციარების აკადემიური მოსწრება;
  • კლუბის დამფუძნებლების/წევრების აქტიურობა, მათ შორის დასწრება უნივერსიტეტში ჩატარებულ საჯარო ლექციებზე;
  • შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტები;
  • სტუდენტებისა და სტუდენტური კლუბების განვითარების ხელშემწყობი აქტივობები.
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობი აქტივობები.
  • სტუდენტებისათვის და საუნივერსიტეტო ცხოვრებისათვის სასარგებლო აქტივობები.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის კლუბის ყველა დამფუძნებელს და პროექტის ბენეფიციარებს უნდა ჰქონდეთ სტუდენტის აქტიური სტატუსი.
პროექტი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან არ არის სრულყოფილად შევსებული არ განიხილება. განუხილველი პროექტი, დეპარტამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით, უბრუნდება ინიციატორ კლუბს. დეპარტამენტის რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ კლუბს უფლება აქვს განმეორებით წარადგინოს პროექტი საგრანტო კონკურსში.
დეპარტამენტი რექტორთან და ვიცე-რექტორთან შეთანხმებით ყოველთვიურად განიხილავს და აფასებს განვლილი თვის აქტივობებს.

 

კლუბის ვალდებულებები პროექტის/აქტივობის განხრციელებისას

  • კლუბი აქტივობებს ახორციელებს პროფილიდან გამომდინარე, თემატურად. ყველა აქტივობაში უნდა ფიგურირებდეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ. ნებისმიერი აქტივობის ბენეფიციარი უნდა იყოს მხოლოდ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი 
  • სეუ-ს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, აბიტურიენტი ან თანამშრომელი. თუ პროექტის/აქტივობის განხრციელებისას ბენეფიციარია სხვა პირი, წარდგენილ პროექტში ან განცხადებაში აქტივობის განხორციელების შესახებ, უნდა მიეთითოს მათი ოდენობა.
  • განსხვავებული თემატიკის აქტივობაში ჩართვის მიზნით კლუბი უფლებამოსილია პროექტის ირგვლივ გაერთიანდეს განსხვავებულ (პროექტის შესაბამისი თემატიკის) კლუბთან.
  • ინფორმაციის გავრცელების მიზნით კლუბი ვალდებულია 4 სამუშაო დღით ადრე მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია დეპარტამენტს.
  • საჯარო ლექციის ჩატარების მიზნით პირის მოწვევამდე კლუბი ვალდებულია აქტივობა შეათანხმოს დეპარტამენტთან და მხოლოდ თანხმობის შემთხვევაში მოიწვიოს პირი. საქართველოში გამოცხადებული საარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია პოლიტიკური პარტიის წევრების ან/და პოლიტიკური თანამდებობის პირების მოწვევა.
  • კლუბი განხორციელებულ პროექტზე ამზადებს მოხსენებით ბარათს, ფოტო/ვიდეო მასალას, რომელსაც წარუდგენს დეპარტამენტს პროექტის დასრულებიდან 3 დღის ვადაში.


სტუდენტური კლუბის რეგისტრაციის ბმული: http://bit.ly/2lpoTWS

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტს.
ელ.ფოსტაზე: studentlife@seu.edu.ge
ტელ: 2 90 00 00 (27) ; 577141114.