სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სასწავლო პროცესი

საკრედიტო სისტემა

სეუ-ში მოქმედებს კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS).

კრედიტი არის ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვას გამოხატულს დროის ერთეულში - საათებში და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ.

კრედიტი ნაწილდება საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ კომპონენტებს შორის და მოიცავს კონკრეტული კომპონენტით მისაღწევი სწავლის შედეგებისთვის საჭირო საკონტაქტო და დამოუკიდებელ საათს. კრედიტი არ შეიძლება იქნეს გაანგარიშებული მხოლოდ საკონტაქტო საათების მიხედვით.

საკონტაქტო საათი გულისხმობს სტუდენტის სასწავლო საქმიანობისთვის განსაზღვრულ დროს, რომელიც რეალიზდება საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის განმახორციელებელი პერსონალის ჩართულობით, ხოლო დამოუკიდებელი საათი არის სტუდენტის სასწავლო საქმიანობისთვის განსაზღვრული დრო, რომელიც არ ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის განმახორციელებელი პერსონალის ჩართულობას.

სტუდენტის სასწავლო დატვირთვა არის დრო, რომელიც საჭიროა საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მისაღწევად. სტუდენტის სასწავლო დატვირთვა ეფუძნება დამოუკიდებელ და საკონტაქტო საათებს.

სეუ-ში, სტუდენტის დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში 60 კრედიტს ანუ 1500 საათს მოიცავს და ერთი კრედიტი უტოლდება 25 საათს.

სტუდენტი უფლებამოსილია სასწავლო წლის/სემესტრის განმავლობაში დააგროვოს დამატებითი კრედიტები, მაგრამ წელიწადში არა უმეტეს 75 კრედიტისა.

დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შეუძლიათ დააგროვონ წელიწადში 60 კრედიტზე მეტი, მაგრამ პროგრამით დადგენილი ხანგრძლივობის ფარგლებში 60-ს ზევით დამატებული კრედიტების საერთო რაოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 15 კრედიტს.

სასწავლო კომპონენტი არის ერთსემესტრიანი. ერთი და იგივე შინაარსის, მოცულობისა და სწავლის შედეგის მქონე სასწავლო კომპონენტი ყველა პროგრამის სტუდენტისათვის მოიცავს თანაბარი რაოდენობის კრედიტებს.

კრედიტები ნაწილდება საშუალო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტის შესაძლებლობების გათვალისწინებით.

Message body empty