სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

გამოცემები

SEU-ს გამოცემები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დროში მოქმედების ეფექტი

მონოგრაფია გამოიცა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მხარდაჭერით, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო საგრანტო პროექტის ფარგლებში.

კვლევა განხორციელდა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის, DAAD-ის დაფინანსებით (პროგრამა - Research Stays for University Academics and Scientists, 2023), ვურცბურგის იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტში (JMU).

ავტორი ფართოდ მიმოიხილავს მსოფლიოში არსებულ დადებით და უარყოფით გამოცდილებას, საკვლევ თემასთან დაკავშირებულ ტენდენციებს, საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების სამართალწარმოების შედეგებს, საერთაშორისო ორგანოების მიდგომებს, რეკომენდაციებს, საქართველოს სამართლებრივი საჭიროებების თავისებურებებს.

იხილეთ სრულად



ძირითადი უფლებები

ნაშრომი - ძირითადი უფლებები კომენტარი, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ, თითოეული ძირითადი უფლების კომენტარს.

წიგნის სტრუქტურა აგებულია ადამიანის უფლებათა კომპლექსური ბუნების გათვალისწინებით და განხილულია მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ასპექტები, როგორც მართლმსაჯულების პრაქტიკის, ისე მიმდინარე სამეცნიერო დისკურსის ფართო კონტექსტში.

ნაშრომში გამოყენებულია 400-ზე მეტი სამეცნიერო ლიტერატურა და გადამუშავებულია 2000 -მდე საერთაშორისო და ეროვნული სასამართლო პრაქტიკა.

წიგნის ავტორები არიან სამართლის დოქტორი, პროფესორი ბესიკ ლოლაძე და სამართლის დოქტორი, პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.

წიგნის სამეცნიერო რედაქტორია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ხუბუა.

წიგნი მომზადდა და გამოიცა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

იხილეთ სრულად



ბავშვის ქონების განკარგვის საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგების არსებული გამოწვევები

ბავშვის ქონების განკარგვის საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგების ანალიზის, ასევე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების საჭიროება წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 2019 წლის 20 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, რომლითაც დადგინდა არასრულწლოვნის ქონების განკარგვაზე სავალდებულო სასამართლო კონტროლი, ხოლო სასამართლო, თანხმობის გაცემის პროცესში შეიზღუდა მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესის გამოკვლევის დათქმით.


საგულისხმოა, რომ კანონმდებლის მიერ შემოთავაზებულ იქნა ხსენებული საკითხის გადაწყვეტის ახლებური მიდგომა, რაც სრულიად უცხო იყო როგორც საქართველოს საკანონმდებლო სივრცის, ისე სასამართლო პრაქტიკისთვის. კანონმდებელმა  სასამართლოს მიანდო ბავშვის ქონების განკარგვის საკითხის საპროცესო სამართლებრივი ასპექტების მოწესრიგება, რამაც ბიძგი მისცა არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. შედეგად, წარმოიშვა არსებითი ხასიათის სირთულეები როგორც სამართლებრივი სიცხადისა და ლეგიტიმური მოლოდინის, ისე ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.


წინამდებარე სახელმძღვანელო გათვლილია არა მარტოოდენ მოსამართლეებზე, საქმის განხილვის პროცესში ჩართულ საჯარო დაწესებულებებზე, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებზე, ადვოკატებზე, არამედ ასევე მშობლებზე, რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, რათა ამ უკანასკნელთ გაუმარტივდეთ უფლების დაცვის მიზნით ხელმისაწვდომი საშუალებების იდენტიფიცირების, ხოლო სასამართლოს -  გადაწყვეტილების მიღების პროცესი.


სახელმძღვანელოში განხილულია საკანონმდებლო რეგლამენტაციის ანალიზი ცვლილებების განხორციელებამდე და მას შემდეგ უშუალოდ ბავშვის უფლებების დაცვის ჭრილში; საქმისწარმოების პროცესში არსებული სირთულეები სასამართლო პრაქტიკის ანალიზის გზით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული დაბრკოლებები და ბავშვის ინტერესების დაცვის პროცესში არსებული რისკები.


გზამკვლევისრული ვერსია


სოციალური სამართლის სახელმძღვანელო

მოცემული ნაშრომი გახლავთ საქართველოს სოციალური სამართლის სახელმძღვანელოს გამოცემის პირველი მცდელობა, დამოუკიდებელ საქართველოში. სოციალური სამართლის  დარგის მსგავსად, იგი ორი, ზოგადი და კერძო, ნაწილისაგან შედგება.


პირველ ნაწილში განმარტებულია დარგის სპეციფიკა, სოციალური სამართლის რეგულირების სფერო, შესაბამისი ტერმინები და წყაროები. ასევე, განხილულია სოციალური სამართალის იდეური და ისტორიული განვითარება. სამართლებრივი სოციალური სახელმწიფოს იდეა მიმოხილულია არამხოლოდ სამართლებრივ, არამედ ინტერდისციპლინარულ ჭრილში. დეტალურადაა განხილული ის სოციალური უფლებები, რომელიც კონსტიტუციურ სამართლებრივ რანგშია აყვანილი. ასევე განხილულია საკონსტიტუციო სასამართლოში სოციალური უფლების დაცვის სპეციფიკა. პირველი ნაწილი ასევე მოიცავს სოციალური სამართლის ევროპულ განზომილებასაც.


ნაშრომის მეორე ნაწილი კი ეხება კონკრეტული სოციალური დაცვის კონკრეტულ სფეროებს, სოციალური დაცვის სხვადასხვა უწყებრივ და ტერიტორიულ საკითხებს, შესაბამისი სოციალური უზრუნველყოფის საკანონმდებლო რეგულირებას,  ასევე, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების სასამართლოსადმი მიმართვას და სხვა  პროცესუალურ საკითხებს.


წინამდებარე ნაშრომი შედგენილია იმგვარად, რომ სტუდენტმა თანმიმდევრულად და სისტემურად შეძლოს სოციალური სამართლის სფეროს საფუძვლიანი შესწავლა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ნაშრომი განკუთვნილია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ იგი საინტერესოა ამ სფეროში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მკვლევარებისთვის, ასევე პრაქტიკოსი იურისტებისა და სოციალური სამართლის საკითხებით დაინტერესებული სხვა პირებისთვის. 


ისე როგორც ყველა  ნაშრომი სამართლის სფეროში, აღნიშნული სახელმძღვანელოც დროთა განმავლობაში მოითხოვს განახლებას აქტუალური საკითხებითა და საკანონმდებლო ცვლილებების პარალელურად. შესაბამისად, იგი აქტუალურია, 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით.


ნაშრომზე იმუშავეს პროფესორებმა ანა ფირცხალაშვილმა, ეკატერინე ქარდავამ და პაატა ტურავამ.


სოციალური სამართლის სახელმძღვანელო მეგზურობას გაუწევს დაინტერესებულ  პირებს სოციალური სამართლის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლისას და საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სოციალური სახელმწიფოს მშენებლობაში.


იხილეთ სრულად

Message body empty