გამოცდები ტარდება წერითი ან/და ზეპირი ფორმით, სასწავლო კურსის/კომპონენტის სილაბუსის შესაბამისად.
წერითი გამოცდები ტარდება ელექტრონული ფორმით, სეუ-ს საგამოცდო ცენტრში - თითოეული სტუდენტისათვის ამ მიზნით პერსონალურად გამოყოფილ კომპიუტერთან.
სტუდენტი კომპიუტერის საშუალებით ასრულებს საგამოცდო დავალებას, რომელიც მოცემულია სასწავლო კურსის სილაბუსის შესაბამისად, ღია ან დახურული ან/და შერეული ტიპის ტესტების სახით.
ზეპირი გამოცდა ტარდება სასწავლო კომპონენტის განმახორციელებელი აკადემიური/ მოწვეული პერსონალის მიერ. ზეპირი გამოცდა ტარდება კომპონენტის განხორციელების ენაზე.
სტუდენტს ელექტრონული ფორმით ჩატარებული გამოცდის შედეგები უფიქსირდება ტესტის დამთავრებისთანავე.
გამოცდის შედეგები სტუდენტს აესახება ელექტრონულ სისტემაში emis.seu.edu.ge, გამოცდის ჩატარებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში, გამოცდის ფორმატიდან გამომდინარე.
გამოცდების ორგანიზებას და ჩატარებას (როგორც სეუ-ს კამპუსში, ისე რეგიონულ ცენტრებში) უზრუნველყოფს საგამოცდო ცენტრი, ხოლო გამოცდების მსვლელობის დროს დადგენილი პროცედურების დაცვას - დამკვირვებლები.
სტუდენტს უფლება აქვს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის emis.seu.edu.geის საშუალებით გააგზავნოს დასაბუთებული საჩივარი, რომელიც ეხება შეფასების ნებისმიერ კომპონენტს.
მიღებული საჩივრის განხილვისათვის დაწესებულია არაუმეტეს 5 დღე, რომლის განმავლობაშიც შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი განიხილავს საჩივარს იმ ლექტორთან ერთად, რომელსაც ეხება აღნიშნული საჩივარი და/ან ამავე სასწავლო კურსის განმახორციელებელ სხვა ლექტორთან ერთად (საჭიროების შემთხვევაში).
სტუდენტს ეცნობება/გაეგზავნება საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ელექტრონულ სისტემაში - emis.seu.edu.ge.
თუ სტუდენტი არ არის კმაყოფილი მისი გასაჩივრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, მას უფლება აქვს გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება, პასუხის მიღებიდან 2 დღის ვადაში. ამ შემთხვევაში, გასაჩივრება წარედგინება შესაბამისი ფაკულტეტის დეკანს, რომელიც ქმნის არანაკლებ 3 წევრისგან შემდგარ სააპელაციო კომისიას. ლექტორი, რომელსაც ეხება საჩივარი, არ უნდა იყოს სააპელაციო კომისიის წევრი.
სააპელაციო კომისიის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, გასაჩივრებიდან 3 დღის ვადაში ეცნობება სტუდენტს ელექტრონულ სისტემის emis.seu.edu.ge-ის საშუალებით.
სტუდენტს უფლება აქვს სააპელაციო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.