სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

SEU-ს შესახებ

ისტორია

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU 22-წლიანი ისტორიის მქონე, ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის ერთ-ერთი გამორჩეული უნივერსიტეტია.

SEU-მ დაარსების დღიდან დაიწყო განვითარებაზე ზრუნვა. უნივერსიტეტმა მიზნად დაისახა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა, სადაც სასწავლო პროცესში ძლიერი თეორიული, პრაქტიკული და კვლევითი კომპონენტების სინთეზისა და ინტერნაციონალიზაციის გაღრმავების გზით უზრუნველყოფდა კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადებას ეროვნული და საერთაშორისო ბაზრებისათვის, ასევე, პიროვნების მრავალმხრივი განვითარებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე სოციალურად პასუხისმგებელი პროფესიონალის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

უნივერსიტეტმა მოკლე დროში შეძლო მოეპოვებინა ნდობა და პოპულარობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებით, მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის მონდომებით, სწავლების ეფექტური მეთოდების გამოყენებით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვითა და ინოვაციური მიდგომებით, რაც განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის SEU-ს სტუდენტებისთვის, ხოლო მის კურსდამთავრებულებს - დამსაქმებლებისათვის.

2009 წელს, SEU აკრედიტებულ იქნა სსიპ-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ, ხოლო 2014 წელს გაიარა რეავტორიზაცია - რაც ადასტურებს უნივერსიტეტის საქმიანობის სრულ შესაბამისობას საქართველოს უმაღლესი განათლების მიზნებისა და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნებთან.

2021 წლის 10 ივნისს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს ავტორიზაცია უპირობოდ მიანიჭა.

ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა ერთხმად გაიზიარეს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დასკვნის პროექტი, რომელიც ეფუძნებოდა SEU-ს თვითშეფასების დოკუმენტსა და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ SEU-ს საგანმანათლებლო საქმიანობის შვიდ საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის შემოწმებით მიღებულ ინფორმაციას.

დღეისათვის, SEU-ში ფუნქციონირებს 4 ფაკულტეტი და 23 აკრედიტებული (საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი) საგანმანათლებლო პროგრამა ბიზნესის, სამართლის, სოციალური მეცნიერებების, ტურიზმისა და მედიცინის მიმართულებით, სადაც 11000-მდე სტუდენტი სწავლობს და დასაქმებულია 500-მდე აკადემიური და მოწვეული პერსონალი. უნივერსიტეტი ზრუნავს ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განვითარებისათვის ბიზნეს-ტექნოლოგიების, განათლების, საჯარო მართვის და სხვა მიმართულებით.

SEU-ს აკადემიური გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, ღრმა გამოცდილების მქონე კომპეტენტური პროფესიონალებით, რომლებიც სწავლება/სწავლის პროცესში აქტიურად იყენებენ თანამედროვე ლიტერატურას, ტექნოლოგიებს, სწავლების ახლებურ მეთოდებს და სტუდენტებს უქმნიან მოტივაციას, რათა მაქსიმალურად მოახდინონ თვითრეალიზაცია.

უნივერსიტეტს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აქვს უცხოეთის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, დიპლომატიურ კორპუსთან თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, შესაბამისად, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში, ერთობლივ კვლევით პროექტებში, მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა თუ გადამზადების პროგრამებში და ა.შ. ამავდროულად, SEU-ში განათლებას იღებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აკადემიურ პროცესში ერთვებიან უცხოეთის წარმატებული პროფესორები, მკვლევრები და პრაქტიკოსი პროფესიონალები.

SEU ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტია, რასაც ადასტურებს 2014-2023 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და მობილობის შედეგები. 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, აბიტურიენტთა პირველი არჩევანის და ჩარიცხულ სტუდენტთა მაჩვენებლით, ყველაზე მოთხოვნადი კერძო უნივერსიტეტების „ტოპ 10“-ში,SEU საპატიო პირველ ადგილს იკავებს. ხოლო ყველა ქართული უნივერსიტეტის კონკურსით -  მეორეა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ. 

SEU კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებლით „ტოპ 5“ უნივერსიტეტებს შორისაა. სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ყოველწლიურად იმართება დასაქმების ფორუმები, რომლებშიც, როგორც წესი, საქართველოს 150-ზე მეტი წარმატებული კომპანიაა წარმოდგენილი. 

SEU მდებარეობს თბილისის ისტორიულ ნაწილში. ეს მხარე საინტერესოა საგანმანათლებლო და ტურისტული თვალსაზრისით, ასევე, კომფორტულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადასაადგილებლად.

2007 წელს, SEU-მ სტუდენტებს შესთავაზა შთამბეჭდავი სასწავლო შენობა, რომელიც თანამედროვე თბილისის სიმბოლოდ იქცა. 2018 წლიდან, SEU-ს უპირატესობებს დაემატა ახალი, ულტრათანამედროვე და მრავალფუნქციური კამპუსი, სადაც აკუმულირებულია საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური რესურსები, სასწავლო და რეკრეაციული სივრცეები, რაც თვისებრივად განსხვავებული კონცეფციაა და ანალოგი არ აქვს. სტუდენტზე ორიენტირების ფაქტორით არის აგებული არამარტო შენობა, არამედ - მისი შიდა მოწყობაც, რაც სრულყოფილად ესადაგება სწავლა-სწავლების, სამეცნიერო, ინტელექტუალურ და შემოქმედებითი საქმიანობის მიზნებს. კომპიუტერული სივრცეები, საკონსულტაციო ოთახები, საკონფერენციო და იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზები და სასწავლო აუდიტორიები უახლესი ეკოინვენტარითა და თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმით და ფერით, ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე. 

შენობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია ბიბლიოთეკა, რომელიც ორ სართულზეა განთავსებული და მოიცავს ყველა აუცილებელ სივრცეს სწავლისა და კვლევისათვის. ბიბლიოთეკის გარე სივრცეში შექმნილია მწვანე ზონა, სადაც შეძლებთ თავისუფალი დროის გატარებას, დასვენებას და კვებას. აქვე ნახავთ დიდ ტერასას, საიდანაც თბილისის ულამაზესი ხედებით დატკბებით. დასვენების, გართობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნების მიზნით, შენობაში განლაგებულია საცურაო აუზი და სპორტული დარბაზები, სადაც სტუდენტები და თანამშრომლები ფეხბურთით, კალათბურთით, რაგბით, ფრენბურთით, ჩოგბურთით და სხვა აქტივობებით დაკავდებიან. კამპუსის ტერიტორიაზე კიდევ ბევრ საინტერესო სივრცეს შეხვდებით. მალე, შენობასთან ახლოს, ახალი საერთო საცხოვრებელი აშენდება.

SEU-ს აქვს ამბიცია და ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ იყოს რეგიონში წამყვანი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

Message body empty